November 23, 2010

ელისაბედ



ელისაბედ, ელისაბედ,
ახალს, შენგან ვიგებთ ამბებს,
არ იღლები, არ ჩერდები,
ლაპარაკობ დღე და ღამე.

სხვების ნაცვლად ყველა კითხვას
შენ პასუხობ, სხაპასხუპობ,
სკოლიდანაც გვირეკავენ,
"იქნებ ბავშვი გააჩუმოთ".

 გვსაყვედურობ დღეში ათჯერ:
"არ გიყვარვართ, ხმას არა მცემთ",
რაღა გითხრათ, ქალბატონო,
არაქათი გაგვაცალე!

ამასწინათ ნაჩუქარი
თუთიყუშიც დაამუნჯე,
სიტყვის თქმა რომ დააპირა,
დაასწარი, გააბრუე.

ახლაც ზის და დაქანცული
შენგან ისმენს ქვეყნის ამბებს,
ძლივსღა ამბობს: "ლაპრაკი
დამაცადე, ელისაბედ!"

მე კი  მაინც უნდა გითხრა:
თუ დაგვღალე, დიდი რამე!
დიდხანს, დიდხანს იჟღურტულე,
ელისაბედ, ელისაბედ...


ლელა ცუცქირიძე

November 20, 2010

ღრუბლები


თამაშობენ ღრუბლები,
ონავარი  ტყუპები,
გორაობენ ცაში,
ცაა მათი სახლი.
ქუხქუხებენ, ჭექენ,
და ქვეყანა შეძრეს!

ამ დროს დედაც მოვიდა,
ბრაზისაგან იკივლა,
ონავარი ტყუპები
ელვის ჯოხით მიტყიპა.

წკაპ-წკუპ, წკაპ-წკუპ,
წვეთები ეცემიან გუბეში,
თქვენ გგონიათ, გაწვიმდა?
ღრიალებენ ღრუბლები!

იღრიალეს, იტირეს,
მერე დედამ იდარდა,
მიეფერა ღრუბლებს და
უცებ გა-მო-ი-და-რა!


ლელა ცუცქირიძე