ლელა ცუცქირიძე
ერთი ბეწო წვეთი
ცხრათვალა მზეს დაბადების დღე აქვს,
ხუმრობაა? გახდა დიდი გოგო,
გამოუცხო ცამ ნისლების ტორტი
და ღრუბლების ბეზეებით მორთო.
მოშხაპუნდა ქალბატონი წვიმა,
მოიყვანა ერთი ბეწო წვეთი,
შემოუსხდნენ მეგობრები სუფრას,
მზე ხალისობს, მზე იცინის, მღერის.
ვერ ისვენებს ერთი ბეწო წვეთი,
ტკბილეულსაც ვერ აშორებს თვალებს,
სულ შესანსლა ღრუბლის ბეზეები
სანამ ტორტზე დაანთებდნენ სანთლებს.
მატარებელი
აი, ჩავჯექი მარტივ ნახატში,
ჩემო ციცქნა მეგობარო,
ჭია, ჭიამაიაო,
მატარებელი
აი, ჩავჯექი მარტივ ნახატში,
სასაცილო, აჩხაბაჩხა მატარებელში- ჩემი შვილის ფერად სიზმარში.
ძლივს შევატიე ოჩოფეხები
და გაფარჩხულთითებიანი, გრძელი ხელები.
გულის მაგივრად გათხაპნილი, წითელი ლაქა
გარედან ფეთქავს:
ან–ბან–გან–დაგან, ან–ბან–გან–დაგან
და სათამაშო ფანარივით ინთება, ქვრება, ინთება, ქვრება.
გავცდი ცარიელ, ნაცრისფერ ბაქანს.
იქ მარტო მძიმე ჩემოდანი დევს,
ალბათ მე დამრჩა. ან რად მინდოდა, რომ მოვათრევდი?
რა საჭიროა სასაცილობ აჩხაბაჩხა მატარებელში ბარგის შეტანა?!
გადავიარე ყვავილებით დაკოპლილი ხასხასა ველი,
ბალახებიდან ბალბა–ბალბა–ბარბალუკების
მარილიანი ბედის კვერი დახუჭობანას მეთამაშება.
ვითომ არ ვიცი, ჩემი შვილის
უმანკო ფშვინვით აფუებული ბალიშის ქვეშ რომ შეგორდება
და იქ დილამდე დამემალება.
მანამდე დროა.
ჯერ მზე წითელი \"მამალოა\",
მთვარე კონკიას ბროლის ქოშია
და ცისარტყელა ყირამალა საქანელაა მაღლა და დაბლა.
მაღლა და დაბლა ფერადი მინის ნამსხვრევებიან
ტელესკოპში ვიჭვრიტები,
ასე მგონია.
სულაც არ ვდარდობ ოჩოფეხებს
და გაფარჩხულთითებიან, ძაფივით ხელებს.
აი, ხომ ვზივარ ჩემი შვილის ფერად სიზმარში,
ახლაც და ხვალაც,
ახლაც და ხვალაც.
მატარებელი მიღიღინებს:
ან–ბან–გან–დაგან,
ან–ბან–გან–დაგან...
მე მიხარია.
მაპოვნინე
ჩემო ციცქნა მეგობარო,
ჭია, ჭიამაიაო,
რაც წუხელის დამესიზმრა,
მაპოვნინე, ძალიან გთხოვ:
ხის ტოტებზე დაკოპსილი
ღიპიანი ღრუბლის ქულა,
პეპლის ქოლგას შეყუჟული
თავყვითელა ფურისულა.
ონავარი ჭრიჭინების
ერთი ბეწო სალამური,
ჟრიამულა ყვავილებად
დაპნეული გაზაფხული.
ცის ღუმელში გამომცხვარი
თაფლაკვერა ვარსკვლავები,
ბალახებზე წამოცმული
მარწყვის ტკბილი კარამელი.
შროშანების ზანზალაკი,
ბუსუნსულა ბარტყის კოცნა,
ხეტიალა ბილიკების
აიწონა–დაიწონა...
დახმარებას თუ ვერ შეძლებ,
ნუ იდარდებ, ჩემო კარგო,
დედას მაინც გაპოვნინებ,
პაწაწინა მეგობარო.
საჩუქარი
ერთი წელი უსრულდება
პატარა კუს_ნეკა–ნეკას.
მოიწვია ლოკოკინა,
მეგობარი ენატრება.
გაიპრანჭა ლოკოკინა,
ხელში –ჩანთა, თავზე–ლენტი,
რა უყიდა ნეკა–ნეკას?
რაც უნდოდა: პამპერსები!
გზაზე ვინც კი დაინახა,
ყველა სახლში დაპატიჟა,
ზოგს ამინდზე ექაქანა,
ზოგი ჭორით გააგიჟა...
ხან გათენდა, ხან დაღამდა,
ჯერ თოვდა და ბოლოს წვიმდა,
კუს სახლამდე ლოკოკინამ
მიაღწია, როგორც იქნა.
კი ბატონო, ტორტი დახვდა,
მაგრამ უკვე ხუთი სანთლით,
რაღად უნდა ნეკა_ ნეკას
ლოკოკინას საჩუქარი?!
No comments:
Post a Comment